0

WeWalkInTheWire

წერის დაწყების წინ ყოველთვის ისე ვგრძნობ თავს თითქოს წყალში უაკვალანგოდ დარჩენილი მყვინთავი ვარ, იმას ჰაერი არ ყოფნის, მე სიტყვები.

იცი, პატარაობაში მეგონა, რომ ღრუბლებს მიღმა სამოთხე იყო, ჩანჩქერით და ვაშლის ხეებით და ათასი რამით, მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ ღრუბლის მიღმა მხოლოდ ღრუბელია და ისევ ცა, მერე ეგ ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე

უკვე დიდი ბიჭი ვარ, 19 წელი არაა ცოტა, არც ბევრია და ჰო, ჯერ კიდევ მაინც მგონია, რომ ღრუბლებს მიღმა სამოთხეა, ოღონდ ყველანაირი ჩანჩქერების და ვაშლების გარეშე, არსებობს ეგეთი სამოთხეებიც, დამიჯერე.

ისეც შეიძლება მოხდეს, რომ იყო სამოთხეში და ვერ გრძნობდე ამ სამოთხის სიკეთეებს, ამქვეყნიურ სამოთხეში ამქვეყნიურობით გქონდეს თავი მობეზრებული, მაგრამ შეიძლება საერთოდაც უდაბნოს ხვატში იყო და იქაც კი გრძნობდე ბედნიერად თავს, გააჩნია, ვინ გყავს გვერდით, როგორ შეიგრძნობ გარემოს და როგორ უყურებ ცხოვრებას…

იმიტომ, რომ ცხოვრება მაშაპია ერთგვარი, ოღონდ ამ მაშაპში მარტო საყვარელი სიმღერები არ ენაცვლებიან ერთმანეთს, ხშირად გამოერევა ისეთიც, რომელიც დიდად არ გიყვარს და გინდა რომ მალე დამთავრდეს, არც მარტო მხიარული სიმღერებია, ასე რომ იყოს ცხოვრება უტოპია იქნებოდა, უტოპიაში კი საერთოდ არ იქნებოდა სამოთხის შეგრძნების უნარი, იმიტომ რომ უტოპიაა. ეს მაშაპი გარკვეული დროის მანძილზე ბრუნავს და შენი დავალებაც ისაა, რომ გრამაფონის ნემსი ისე მოარტყა ფირფიტას რომ მხიარულ მუსიკაზე აღმოჩნდეს, ჰოო, რთულია, მაგრამ მარტივი არაფერია, ხდება ხოლმე ისეც, რომ ორი ადამიანი, რომლების გრამაფონებიც სევდიან მუსიკას უკრავენ for a while , ეერთდროუულად ახვედრებენ ნემსს ფირფიტას და ერთდროულად იწყება მათი გრამაფონებიდან მხიარული ნოტების ღვრა, შენი ეს ნოტები ბგერებად იშლება, მერე კიდევ უფრო პატარა ბგერებად და ასე ქაოსურად დაფარფატებენ მანამ სანამ მის ქაოსურად მოფარფატე ბგერებს არ შეუერთდება და არ გაჰარმონიულდება… შემდეგი ნაბიჯი უკვე აიაა, უფრო სწორად კომპიზიცია, შედევრი, ის რასაც მთელი ცხოვრება ქმნი, ის რაც მხოლოდ ამ გზით იქმნება და ის რაც ამქვეყნიური სამოთხის გასაღებია, თუნდაც ცხელი უდაბნოს ხვატში…

 

 

მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი

0

ღამეული მთვარეული

large

სიგიჟეა, როცა ღამის 4ს ნახევარზე გეღვიძება მარტო იმ მიზნით რომ დაწერო და ამ დროს იმის ნაცვლად რომ ძილი შეიბრუნო ლეპტოპს რთავ და წერას იწყებ, არ ვიცი თუ რამ შეიძლება მოგცეს ადამიანს იმის მუხტი რომ გაიღვიძო და დაწერო, ან რა შეიძლება დაწერო ასეთ დროს, განსაკუთრებით რთულია იპოვო სიტყვები დიდხნიანი უქმობის შემდეგ, ასეთ დროს გგონია, რომ სიტყვებს მძიმე ბურთები კიდია ჯაჭვებით და ეს კიდევ უფრო ართულებს მათ საჭირო ადგილზე დასკუპებას. ღამეა, ოღონდ ქარიანი, ხეები სინქრონში ცეკვავენ და თითქოს მათ წინ მდგომ სხვა ხეებს იწვევენ საცეკვაოდ, კი, ღამეა და მე მიყვარს ღამე, თითქმის ისე როგორც ნაყინი, ნაყინი ყოველთვის ბავშვობის ყველაზე ბიპოლარულ და რთულ კითხვასთან ,, მამა უფრო გიყვარს თუ ნაყინი”-სთან ასოცირდება, ალბათ მარტო მე არ ვიყავი ვინც ნაყინს ამბობდა, თან ეშმაკურად იღიმებოდა და გვერდულად უყურებდა მამას რა ხასიათზეა ამ ბრუტუსისეული პასუხის გამგონეო… ჰო, ღამე ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის რომ იფიქრო, იმისთვის რომ ისეირნო, ან უბრალოდ შეიგრძნო, დიახაც, ღამე უნდა შეიგრძნო, ის პერიოდია როცა შეგიძლია შენ მართლა შენ იყო და არ გეშინოდეს რომ ვინმე ამოგიცნობს, ეგ გაცოცხლებს ხოლმე, ღამე წერაც ალბათ ამიტომ მაქვს დაჩემებული, თითქმის ყოველთვის ღამე ვწერ, ღამე რაღაცნაირად ჩემს თანამგზავრად იქცა იმ გზაზე, რომელსაც წერა ქვია, ღამე ყველაფერი უფრო რომანტიკულია, ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად, სიზმრების სამყაროდან და გონების პროექციიდან გამოქცეული ისევ რეალობას ეჩეხები ოღონდ ამ შემთხვევაში და ამ დროს მეტად სიყვარულის ხასიათზე ხარ, ისიც გიხარია, რომ შენს ცხოვრებაში არიან ადამიანები(საბედნიეროდ) ვისთანაც შეგიძლია ეს ყველაფერი გამოხატო, არის ადამიანი, რომელიც სულ მზად იქნება გაგიგოს, დათს ით, არის ცხოვრებაში კარგი მომენტები და ალბათ ეს ერთ-ერთი მათგანია…

3

***

ერთმა კარგმა მეგობარმა მითხრა, წერა რომ მოგინდება გაგახსენდეს რომ Frames არსებობს და ყველაფერი უკეთესად წავაო, ჰოდა აი, დღეს მომინდა წერა, უკვე მერამდენედ დაწყებულ პოსტს ვუბრუნდები და მერამდენედ ვანებებ თავს ვეღარ ვითვლი, Frames კი კარგია, მაგრამ თურმე ჩემზე არ მოქმედებს პანაცეად, ან მე მაქვს დაქვეითებული მისი აღქმის უნარი, რას ვიზამთ,.,… ვიწყებ წერას და ვჩერდები, ისევ ვიწყებ და ისევ ვჩერდები, ყველაფერი იმ უთქმელ სიტყვებს ჰგავს ცხოვრებაში ასე მრავლად რომ დამიგროვდა, იმ გამოუთქმელ გრძნობებს ყოველთვის რომ ვმალავდი, კიდევ იმ ადამიანებს ასე მრავლად რომ მოდიოდნენ და ასე მრავლადვე მიდიოდნენ, ჰო ყველაფერი მიდი-მოდის, მხოლოდ ჩვენ ვრჩებით ჩვენსავე უდაბნოში, რომელსაც იშვიათად თუ ჩამოუვლის რომელიმე ქარავანი ოაზისის პოვნის იმედით და როდესაც ოაზისის ნაცვლად შენი უდაბნო ხვდება იმედგაცრუებული იბრუნებს პირს მეორე მხარეს… და ამ დროს ეს იმედგაცრუება ორმხრივია, კიდევ ერთხელ რომ გაქცევენ მხარს ის გჭამს და კიდევ უფრო გაახლოებს უდაბნოს ცხელ ხვატს, ამ დროს სცილასა და ქარიბდას შორის მოქცეულ გემს ჰგავხარ, რომელმაც არ იცის საით წავიდესს,  უფრო სწორად ძალიან კარგად რომ იცის – წასასვლელი არსად აქვს, იმიტომ არ იცის საით წავიდეს, თუმცა მარჯვნივ თუ მარცხნივ – რა მნიშვნელობა აქვს, შედეგი მაინც იგივეა – ბოლოს მაინც უეჭველი სიკვდილი ელის, მარტო ისაა გადასაწყვეტი ამ საღამოს სცილა დანაყრდება თუ ქარიბდა( აი, მე თუ მკითხავთ, სცილა ისედაც მაძღარი უნდა იყოს თან რაღაც სახელზე არ მომწონს, ბიოლოგიას მახსენებს , ქარიბდა კიდე სახელიდანვე შეგეცოდება, მარტო ქარს ჭამს საცოდავი… ალბათ).  ჰო, ხალხი მიდის და მოდის, თუმცა უსაჩუქროდ არ გტოვებენ, იმ უამრავ მოგონებებს გიტოვებენ, რომელსაც გონების რომელიმე ბნელ ოთახში ინახავ, აი ისეთში ზღაპრებში 100 ოთახიდან მარტო ეგ მეასე რომ არაა ღია და არც უნდა გაიღოს, თუმცა დროდადრო შენითვე შედიხარ პატარა ლამპრით ხელში და ათვალიერებ იმ მოგონებებს, იხსენებ იმ ისტორიებს და თავგადასავლებს იმ ხალხთან ერთად რომ გადაგხდა, მაგრამ აღარ გადაგხდება, ყველა მოგონება იცი რითი ჰგავს ერთმანეთს? – თითოეულის ბოლოში მარტო ტკივილია, სხვანაირად არც მოგონება არ იქნებოდა, არც ისტორია და არც ამ ხალხის უკვე არარსებობა… და ამდროს იმაშიც რწმუნდები, რომ ,,შეგიძლია მოგონებებს თავი მოუხუფო, თუმცა ისტორიას, რომელმაც ისინი დაგვიტოვა, ვერ წაშლი”… და ასე მიდის ცხოვრება მდორედ, მიყვები დინებას სანამ არ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მზად იქნება ოაზისის ძებნას თავი ანებოს და წყვდიადად გარდასახულ მეტა-უდაბნოში მეგზური გახდეს და ამას შენ მის თვალებში ხედავ,ეს  ერთადერთი შემთხვევაა, როცა შეგიძლია შენს თვალებს ენდო, რადგან მის თვალებში საზღვრები კი არა უკიდეგანო უსაზღვროება ჩანს…  რომელიც ,დიახ, იქნება ზეციური კიბე უდაბნოში.

0

willkommen (#HALLO2017)

წლის დასასრული სხვებისთვის თუ ზეიმის მიზეზია, ჩემთვის იმის აღნიშვნაა, რომ ის ,,ვიშლისთი” რომელიც წლის დასაწყისში ჩამოვწერე ახლა უბრალო, დაჯღაბნილ, ნაგავში გადასაგდებად განწირულ ქაღალდად იქცა იმიტომ, რომ როგორც ყოველთვის ვერც ვერაფერი/არაფერი შევასრულე იმ ვიშლისთიდან, უბრალოდ მთელი წელი მავზოლეუმში მიწვენილი ლენინივით მეკიდა ოთახში კედელზე, რო შევხედავდი შრომითი ენთუზიაზმი რომ მომძალებოდა( ვით”ა”მ?), მარა, ზარმაცი რო დაიბადები კაცი, რა გინდა რომ ქნა? 2016 წელი მიდის, 2017 წელი მოდის, არაფერი არ იცვლება, უი, როგორ არა, წინა წელს ახალ წელს მეგობრებთან ერთად თუ ვხვდებოდი ახლა წიგნებთან და კონსპექტებთან ერთად ვხვდები იმიტომ, რომ თსუ-სგან მარტო სახელი და გელა ნამდვილად არაა დარჩენილი…  ჩემი 2016 წელი ბევრნაირად გამორჩეული იყო კარგითაც და ცუდითაც. სხვათა შორის, 2016 წელს პოპულარობის ზენიტში ვიყავი… ნათესაობაში რა თქმა უნდა. ნათესავების სიამაყე, ჭკუისკოლოფი, მომავალი და იმედიც კი ვიყავი, თავი პანდორას ყუთი მეგონა, აბა მაგდენი რამე სხვაგან ეტეოდეს მე არ მინახავს…  ჰო, 2016 სხვა მხრივაც გამორჩეული იყო ჩემთვის, რამდენიმე მართლა კარგი რაღაც მოხდა, რამაც ახალი ელექტრონებით დამმუხტა…

  1. ჰო, პირველი და ალბათ მნიშვნელოვანიც ჩემი და უნივერსიტეტის ურთიერთობის დაწყება იყო, რაღაც კაი ლავ-სთორივით ვერ წავიდა თავიდან, მარა ნიჩიო, უმაღლესი განათლება საჭიროაო, კენწეროში ისე ვერ ახვალო, ისე არ გაგიტკბილდება და სტუდენტობის წლები მოგენატრებაო, ჰოდა აჰა ჩავაბარე მეც, დიდად არ ვნანობ, უბრალოდ ადრე თუ კვირა ჩემთვის ძილთან და გართობასთან ასოცირდებოდა, წელს კვირა რონდელის სინონიმია და კარგი ანალოგიაც გამოვიდოდა, აი ასეთი: ,, კვირა : რონდელი” …  tsu-logoრონდელი ჩემი არსობისა, რომ არა უნივერსიტეტი და ლექციები სულ არ დავფიქრდებოდი ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორებიცაა მაგალითად:  თუ როგორი იქნებოდა იმანუელ კანტი თანამედროვე ”როცკერა” სამყაროში რომ დაბადებულიყო ან რატომაა რომ ზოგი
    ადამიანი ეგზისტენსის არსებობას უარყოფს და საკუთარ თავს ამაოდ დამაშვრალად, სიზიფეს მსგავსად, მიიჩნევს ამ წუთისოფელში 😥 … კიდევ რომ არა უნივერსიტეტი ვერ გავიგებდი მეცნიერების დასკვნას: რომ რაღაც ან იცი, ან არ იცი.
  2. ზაფხული იყო მშვენიერი. ლაივები… ლაშქრობები.. სტოპები.. 17 კილომეტრიანი ფეხით გასავლელი ერთლამპიონიანი გზა, უცნაური ხიდები: 13907159_1761565324115361_8133685694192500137_n 13895070_1763284110610149_2577047583576375735_nსერპანტინები და ტყეები, ორკაციან კარავში ხუთი კაცის ძილი, ერთტენტიანი კარავი და წვიმისgiphy შემდეგ ნათქვამი ლეგენდარული ფრაზა: >>>>>>>>

ერთ მანქანაში 12 კაცის ჯდომა, მოძრავი სოლარიუმი, დილის 6 საათზე კარვიდან გამოძრომა, არეული მარშრუტი, შემთხვევით დაკარგვები, საღამოს სპირიტუალიზმი და მერე მთელი ღამე სკამის მოგლეჯილი სახელურით ძილი შიშით, ვაიგამომცხვარი პურები და ისევ დაკარგული მარშრუტი, მიუღწეველი X-ები და საბოლოო დანიშნულების ადგილები. უი, ჰო, პატარა ავარიაც და დიდი ამბავიც, მოპარული ჰამაკები და დადიანის სასახლეზე უკეთეს ვირთხებიან ოთახში ძილი, ააჰ, უფრო მორიგეობა( ჩვენი თავგადასავალი, ანუ როგორ გადავურჩით ვირთხებს). ოუფენ ეარის 50 ელფერი, დემიენი და ადამიანები, რომლებიც არ უნდა შეგვხვედროდნენ მაგრამ ზუსტად დემიენის წინ შეგვხვდნენ, სიმღერა და ღამის გათენება თბილი პლედებით უაზრო თემებზე ლაპარაკით და ხარხარით.

3. 2016 იმითაც იყო გამოსარჩევი, რომ ჩემს პასპორტთან Relationship სტატუსი კიდევ უფრო გავამყარე და ერთ კალენდარულ წელში ჩემთვის სარეკორდო სამ ქვეყანაში ჩავბოდიალდი… გზა დიდი არაფერი, იქ უნდა ყოფილიყავით: ბოდიალი და სიმღერა ბაქოს ქუჩებში, ლუდით დაწყებული და ლუდით დამთავრებული საღამოები, აზერბაიჯანული სამზარეულო და დილით 9საათზე შაურმის იშტაზე მოსული ქართველებით გადარეული აზერბაიჯანელები… 2016მა ჩემს ახალ ქრაშს ბუდაპეშტსაც შემახვედრა, ქალაქი ყველაფრით, ზუსტად საბოდიალო და საჩემო, ღამის პირველ საათზე ცივი ბუდაპეშტის ქუჩებში წანწალი, ათვისებული ბუდაპეშტის რუკა, ფერადი ტრამვაები და რაც მთავარია დუნაი, რომელიც ჩვენი მტკვრის ანალოგია, ალბათ იმათაც ჰყავდათ თავიანთი ბარათაშვილი, იმედია, თუ არა პეტეფს სად ეცალა დუნაის პირას სევდიანი ფიქრთ გასართველად ჩამოჯდომა, სამაგიეროდ მოცლილი მე ვიყავი და უცხო ქალაქის უცხო ქუჩებში მარტო ბოდიალს ღამით დიახაც რომ არაფერი სჯობს… ჩემი უნიჭობის მიუხედავად ერთი კარგი ფოტო მაინც გამომივიდა, რომლითაც დღემდე ვამაყობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ფოტოგრაფმა მეგობრებმა გამაბანძეს, სამაგიეროდ იმათმა არ იციან კენეტ უოლცი ვინ იყო.

14915504_1803781059893787_8499797688660737825_n

ვერც 2016 მომაშორა ის პანიკური შიში, რომელსაც ფრენისა და სიმაღლის შიში ჰქვია, თუმცა 2016ში მაინც გამოვნახე იმის ნერვები და ნებისყოფა, რომ მსგავსი ფოტოები/ ვიდეოები გადამეღო… იდეაში მე ფოტოს ვიღებდი, მაგრამ იმდენად უნიჭო ვარ, ვიდეო გამომივიდა :/ ( უი, ჩემი ვორდპრესს გეგმა არ მაძლევს ვიდეოს ატვირთის უფლებას, სიტყვაზე მენდეთ, არ გარტყუებთ, მართლა :დ)

ჰო, 2016 წელი მშვენიერი იყო, უბრალოდ ახლა მე სულ არ მაქვს ახალი წლის განწყობა იმიტომ, რომ დავალება სულ ახლახან დავამთავრე და ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რომ იდეაში 31შიც უნდა მქონოდა ლექციები, არა უშავს, უკეთესი 2017 წლისა და გატკბილებული კენწეროს მოლოდინში შევხვდები კვლავაც ახალ წელს, ისევ დავწერ ვიშლისთს, რომელსაც არც კი წავიკითხავ მეორედ და თვალებს მივაპყრობ სამხრეთით, საზღვრის მიღმა მზის დასავლეთით.

და კიდევ, ვალს მოვიხდი ერის წინაშე #NBAVOTE Zaza Pachulia

0

Dreamcatcher

ღამის ორი საათია, იდეაში ერთი საათის წინ დავიძინე,მაგრამ სიზმრებში მღვიძავს, ინსომნია უკვე ყველა მხრიდან შემომესია და ვეღარაფერს ვუხერხებ, მეც მიდევს ლეპტოპი მუხლებზე და ვწერ, უჩვეულოდ ველოდები ხვალინდელ დღეს არადა არაფერი განსაკუთრებული მაღვიძარა-ჩაიდანი-უნივერსიტეტი-სახლი >> ჩვეულებრივი დღიური რუტინა, რომელიც ალბათ დიდი ხანი არ შეიცვლება, უჩვეულოდ ველოდები ხვალინდელ დღეს, რაღაც აღმაფრენასაც ვგრძნობ, აი ის მომენტი მაქვს, ჰოროსკოპში რომ რაღაც სასიხარულოს წაიკითხავ და მთელი დღე გიხარია, მხოლოდ მე ჰოროსკოპი არ წამიკითხავს, უბრალოდ თითქოს რაღაც შიგნიდან გეუბნება ამას, და ზუსტად ამ აღმაფრენის გამოა ძილიც რომ გამირბის აგერ უკვე მერამდენე ღამეა, დღემდე ვერაფრის წერას ვერ მოვაბი თავი, არადა როგორც წესი ყველაზე კარგი ღამის გუშაგისეული პოსტები გამომდის, არის რაღაც თავისებურიც და განსხვავებულიც ალბათ… წესით ახლა უნდა მეძინოს, მაგრამ არა, მგონია რომ თუ არ დავიძინებ დრო უფრო მალე გავა, სინამდვილეში პირიქითაა, აქაც ჩემი უკუღმართობა ჩანს, ტიბეტური სანსარას ბორბალი არ ვიცი და მე კი ვტრიალებ ჩემი სამყაროიანად ისე, რომ ხან ზევით ვარ და ხან ქვევით… ხან ძალიან ქვევით… ჰო, ხვალინდელ დღეს ველოდები მეთქი, კარგია რაღაცის ლოდინი, უფრო მძაფრად შეიგრძნობ გარემოსაც, პროცესებსაც, მეტი ყურადღებით ხარ მთელი რიგი საკითხების მიმართ, იმედი გაქვს რომ ის რაღაც რასაც ვერ აღწერ, ის არარეალური, აბსტრაქტული ზმანება აუცილებლად გამოგეცხადება და ამ დროს შენ იმ ადამიანს გავხარ, ცნობისმოყვარეობამ და ცდუნებამ რომ დაჯაბნა მისი თავმოყვარეობა და პანდორას ყუთის გახსნისკენ მოუწოდა, რომლიდანაც ბოლო ზუსტად იმედი ამოდის, ჩვენი მოლოდინიც პანდორას ყუთია, არ იცი რა დაგხვდება ხვალ, ანუ რეალურად არც არაფერს უნდა ელოდო და თუ ამ ლოგიკას გავყვებით ანუ ინტუიციაც არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ხომ არსებობს მეექვსე გრძნობა?   ჰო, თუ ის არ არსებობს, მაშინ როგორ გახდა ბეიკერსტრიტელი ინგლისელი ასეთი დახელოვნებული გამომძიებელი? ანუ არც ეს ჯდება ლოგიკის ფარგლებში… როცა რაღაცას ელი, იმ ვიოლინოს სიმივით ხარ მოჭიმული, რომელზეც ბეთჰოვენის ‘ერცჰერცოგს’ უკრავენ, ამ დროს მხოლოდ წინ იხედები, მართალია ბურუსში ვერაფერს ხედავ, მაგრამ გრძნობ რომ იქ რაღაც გელოდება… ლოდინიც კარგია, მაგრამ არ გამოგვდის ხოლმე… თავზე ალბათ დღესაც დამათენდება ვარდისფერი ზმანებების სამყაროში ჩავიძირები, ოღონდ ისე რომ თვალსაც ვერ მოვხუჭავ, სულ ასე ხდება, იმიტომ რომ რაღაცას ველოდები, არ ვიცი როდის, მაგრამ აუცილებლად მოხდება და იქნებ ხვალაა ზუსტად ის დღეც… იარე მხოლოდ წინ, იმიტომ რომ ის რასაც ეძებ წინაა და დანარჩენი ყველაფერი უკან დარჩა, წარსულში, რომელიც უკვე აღარაფრად გარგია და იმ ტვირთივით გაწევს, რომელიც აღარაფერში გჭირდება… აი მომავალს, მომავალს კი შენ წერ და შენვე ირჩევ იმ ბილიკს რომელსაც გაყვები… აი, აქ კი ნამდვილად დაგჭირდება ინტუიცია და საუკეთოსოს მოლოდინი… და იქნებ ზუსტად დროა გადადგა ნაბიჯი წინ…  რეალური სიზმრებისკენ?

0

პარა-დიუნები, ანუ მოგზაურობა არსაით

უდაბნოს თავზე პარაპლანით ფრენა უდავოდ დიდი სიამოვნება იქნება, თუმცა იმისთვის რომ უდაბნოს გაუგო, ჯერ მისი დიუნების იდუმალებები უნდა ამოხსნა, დიუნები, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ (პერპენდუმობილეა, ქარი რომ არა ) კარგი მეგზურიცაა და ამავდროულად ცუდი ბედუინიც, ნუ გაგიხარდება უდაბნოში შიმშილითა და წყლის  ძებნაში თავგზააბნეული მოხეტიალე დიუნების მოტანილ საჰარის რუკას თუ ნახავ, უბრალოდ ვიღაც შენნაირმა ზედმეტად ღრმად შეტოპა დიუნების საიდუმლოს ამოხსნისას და კარგი ვერაფერი მოიგო. უდაბნო უსასრულობაა და ალბათ მარადიულობაც, ერთი დიდი მონოლითი, რომელსაც არასდროს შეხებია ადამიანის ხელი და ალბათ ამიტომაა თავისი არსით იდუმალი, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, უდაბნო უკარება და ამპარტავანი არსებაა, რომელიც არავის უშვებს ახლოს და თუ მაინც გაბედე მის საუფლოში შესვლა და მისი შეწუხება, მაშინ ‘ ყველა იმედი გარეთ დატოვეთ’, ეს არც ჯუმანჯია და არც რომელიმე სხვა სამაგიდო თამაში, ეს რეალითი შოუა, რომელსაც არ ჰყავს გამარჯვებული… No One Can Survive while floating through the desert… დიუნები, აი, დიუნები კი უდაბნოს ერთადერთი გასაღებია, ჩვენს ენაზე ‘შპარგალკა’, ანუ გამოდის რომ >   თუ დიუნებს „წაიკითხავ“ უდაბნოსაც გადალახავ. მაგრამ  ისინი თავს გევლებიან, „ქვიშის გულზე გატარებენ“, „ცივ ნიავს არ გაკარებენ“ და მუდამ ფეხქვეშ გეგებიან. 7000074-desert-evening-sun

*

ანუ, მთელი ამდენი ხანი იმის თქმას ვცდილობდი, რომ უდაბნოზე წიგნი რომ დაწეროს ვინმემ, ნახევარი იმათ სიას უნდა დაუთმოს, ვინც უდაბნოს კვლევისას გაქრა(მოკვდა უხეში სიტყვაა), ჰოდა მკვდრების რამე საწინააღმდეგო კი არ მაქვს, პირიქით, მე მიყვარს მკვდრები, ჩემი კუმირების უმრავლესობა მკვდარია, ხალხი, რომლისგანაც რამის სწავლა შემეძლო მკვდარია, იმას ვამბობ, რო,  ჰო არსებობს ჩვეულებრივი მკვდრები და არაჩვეულებრივი(კარგი კი არა, განსხვავებული მკვდრები, აი, ჰოვარდ კარტერისნაირი რა) მკვდრები, ჰოდა აი ეს ხალხი ზუსტად ეგ არაჩვეულებრივი მკვდრები არიან, მასეთ ხალხს ადრე აკლდამებს და პირამიდებს უგებდნენ, ნუ კაი, მეფეთა ველზე მაინც მარხავდნენ… ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სცადეს ‘წაკითხვა’, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გაართვეს თავი საკუთარ მოვალეობას და საბოლოოდ შეეწირნენ კიდეც ამას, როგორც თავშივე ვთქვი, დიდი გასამრჯელო გადაუხადეს… და რა იცი რომ სწორედ ამ ხალხის რუკას არ პოულობ დიუნებში, რომლებსაც აგერ უკვე მეოთხედ გადაურა ქვიშის ქარიშხალმა სცილასა და ქარიბდასავით.

*

უდაბნო უსასრულობაა, ერთი დიდი უსასრულობა, რომელიც მუდამ დარჩება, რათა თავისი იდუმალებით კიდევ მრავალი ადამიანი მიიზიდოს და მიისაკუთროს, ალბათ ცერბერიც ჰყავს სადმე, თუმცა შეიძლება ეს სულაც არ სჭირდება, ის ხომ მარადიულია და როგორც მურაკამი იტოდა ‘ მრავალნაირი სიცოცხლეა ამქვენად და სიკვდილიც უამრავი არსებობს, თუმცა ყველაფერს ერთი ბოლო აქვს, ზოგიერთნი უბრალოდ უჩინარდებიან, თითქოს ამოჭრესო, სხვები კი ნელ-ნელა ქრებიან, ჩვენს შემდეგ მხოლოდ უდაბნო დარჩება’

და შენ იცი, რა არის უბიკი?

 

0

1∞ [19∞4 & 199∞ 25.06 ]

 

ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, არც შუაღამე იწვის და , მით უმეტეს,  არც დნება, უბრალოდ დღეს 25 ივნისია, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული დღე, გამოცდების დაწყებამდე ერთი კვირაა დარჩენილი, მე ბლოგზე ვწერ… თვეზე მეტი ხნის შემდეგ… უბრალოდ დღეს 18 წლის გავხდი.

ისე, სულ სხვანაირად წარმომედგინა 18 წლის შესრულება, თუმცა არაფერი ისეთი, 00:00 შემდეგაც იგივე დაჩი ვარ, სარკეში ვიყურები იქნება რამე განსხვავება ვიპოვო, იქნებ ოდნავ მაინც გავიზარდე მეთქი, მაგრამ არაფერი, ტყუილი ყოფილა მითეები ზრდასრულობაზე, ისეთივე უწყინარი მითი და ტყუილი , როგორიც ფოტოაპარატიდან ჩიტების გამოფრენა, ბაღში საათობით რომ ველოდით ჩიტის გამოფრენას ფოტოაპარატის ობიექტივიდან, ყვითელი ჩიტი კი არა და არ ჩანდა.

რაღაც აღმაფრენასავით მეუფლება ზოგჯერ, 18 წელი ის ასაკია, ცხოვრებაში გარდატეხა რომ უნდა მოხდეს, მაგრამ ერთადერთი ახლა რის გარდატეხასაც ვამჩნევ “FRAMES”-ის მელოდიაა, ერთი პატარა ნაბიჯი გადავდგი დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ, აღმაშენებელი 16 წლის იყო მეფედ რომ აკურთხეს და დანგრეული ქვეყანა ჩააბარეს, მე 18 წლის ვარ და ქვეყანა კი არა ეროვნულის ტესტი ვერ უნდია მასწავლებელს ჩემთვის, რომელ ქვეყანაზეა ლაპარაკი. ისევ არაფერი იცვლება, ან რა უნდა შეიცვალოს, რეალურად გუშინდელიდან მხოლოდ ერთი დღე გავიდა, თუმცა 18 წლის იუბილედან უფრო მეტს ელი ხოლმე… ხანდახან მგონია რომ ჩემი ოცნებები ახდებოდა 18 წლის რომ ვიქნებოდი, ნუ, კაი მართალია უკვე ყველაზე ახალგაზრდა ვერ ვიქნები, ვინც ჯომოლუნგმას დაიპპყრობს, ნუ რას ვიზამთ, გადავიტანთ ამ დიდ ტრაგედიას როგორმე. მართალია, ცოტა სახსრები მაწუხებს, მაგრამ არა უშავს, ხვალ ნარდს მოვცხებთ ეზოში ‘ბიჭები’ და გამივლის, საღამოს ცხელ კისელსაც დავაყოლებ თან… ეს ჩემი გზა კი წინა წავა, ისევ დატრიალდება ფირი, ისევ იტრიალებს კინემატოგრაფის სახელური და ისევ გამოჩნდება ბუნდოვანი და ამავდროულად ძალიან ფერადი ფოტოები, რომლებიც მთლიანობაში ერთ დიდ პანორამას შექმნის, პანორამას, რომელიც ცხოვრების სცენარი იქნება, მართალია, წინასწარ დასპოილერებული, მაგრამ აქ რეჟისორი მე ვიქნები და მევე შევიტან უამრავ შესწორებას, ეს ჩემი პავილიონია, ჩემი სტაფია, ჩემი სცენარია და ჩემი ფილმია, ეს არ იქნება სამმოქმედებიანი ფილმი, არა, არავითარ შემთხვევაში…

18 წლის გავხდი და ახლა შემიძლია სრულიად კანონიერად ვიყიდო ალკოჰოლი და კიდე რაღაც-რაღაცები 3:) რავიცი, იქნებ სულ არ უნდა მიხაროდეს და პოლიცია უკვე მელოდება კარებთან, 6 წლის წინ მოპარული ტოი-ბოქსისთვის პასუხისგებაში მისაცემად. ( ისე, მაშინ ისე გავხდი 13 წლის არ გამხარებია, კიდევ ერთი წლით მივუახლოვდი ციხეს-მეთქი 😥 )

შეიძლება უკვე დროა, ჩემი მეოცნებეობა და სიცანცარე ცოტა გვერდით გადავდო, უკვე ზრდასრული ვარ, მაგრამ We never change, ალბათ სულ ისეთ მეოცნებედ დავრჩები, კოსმოსიდან რომ დაელოდება ჰიუსტონის გამოჩენას და შემდეგ ერთად წავალთ კრუიპერის სარტყლისკენ, სწრაფი და თან ნელი ნაბიჯით…და მე ახალი სამყაროს წევრი გავხდები.  დღეს უკვე სრულწლოვანი გავხდი, მაგრამ ვინატრებდი(დაბადების დღეზე ყველას აქვს ერთი სურვილი) ისევ ისეთი დავრჩენილიყავი, როგორც ამ დრომდე ვიყავი, ნააჰ, პიტერ პენს ვერ დაველოდები, უბრალოდ მინდა, რომ ჩემი ოცნებები სულ თან მახლდეს, ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს ახდეს კიდეც… ( გამთხვევ, არასწორო :3 :დდდ ) [ვდგავარ ქარაფებს შორის მოქცეულ ტბორთან, რომელსაც არასდროს შეხებია ნიავი და საკუთარ ანარეკლს ვხედავ გამჭვირვალე წყალში, ქარონი კი ისევ აგვიანებს]

ჰოომ, ასე, დღეს დიდი ბიჭი გავხდი, 18-18-18-18… დღეს ორი დიდი გენიის დაბადების დღეა…

დღეს ჯორჯ ორუელიც დიდი ბიჭი გახდ, მაგრამ ორუელი ისედაც დიდი ბიჭია… ჯორჯ გილოცავ (იმედია მოგივა ❤ )

გაუმარჯოს შონ პენს !!!