მიაკითხეთ ბიოლს, ანუ გროტესკის მასტერკლასი სრულიად უფასოდ

Bundesarchiv_B_145_Bild-F062164-0004,_Bonn,_Heinrich_Böllდღეს, როდესაც ყინვით სახეგაწითლებულმა ყვითელი მარშუტკა დავინახე ისე გამიხარდა, ალბათ კოლუმბის მეზღვაურებს მიწის დანახვა არ გახარებიათ ასე… ჰოდა, ჩავჯექი ამ ჩემს გადამრჩენელში და აღთქმული ქვეყნისკენ არა, მაგრამ სახლისკენ წამოვედი, ჰოდა პატარა გროტესკის მასტერკლასი ჩამიტარა იმ ხნის განმავლობაში ბიოლმა, რაც მარშუტკაში ვიჯექი… ერთი ფიქრი კი ვიფიქრე – ე, მეც სულ ასე არ ვწერთქო? მარა მერე მივხვდი, რომ არა, ცოტა, სულ ცოტა მაკლია ბიოლამდე… ჰოდა, გადავშალე წიგნი და სულ რაღაც ორ გვერდიანი მინიატურის მსგავსი მოთხრობა შემხვდა ‘ ანეკდოტი შრომითი ენთუზიაზმის დასაცხრობად’, მოკლედ სახელი დამაინტრიგებელია, შინაარსი არანაკლებად… ზოგადად მიყვარს ჰაინრიხ ბიოლი, და მისი კლოუნური ( წიგნს ‘კლოუნის თვალთახედვა ჰქვია :3 ვიცი :დ ) მსოფლმხედველობა, ხარისხიანი გროტესკი… ჰოდა, ვიჯექი, ვკითხულობდი ამ წიგნს, თან ჩემს თავშიც ჩხაკუნობდა ფოტოაპარატი სამჯერ… რატომ მაინც და მაინც სამჯერ? – მიაკითხეთ ბიოლს, ის აგიხსნით, თუმცა ეს მეც შემიძლია ‘ რაკი ყოველივე კარგი სამობით არის’ ბარემ იყოს სამი, ჯანდაბას. ბევრს არ დავიწყებ ამ მოთხრობის შესახებ ფილოსოფოსობას, არც ანალიზის წერას ( დავალებად რაც მაქვს იმის დაწერაც მეზარება და) მოკლედ, მოთხრობა ერთ ღარიბ, თუმცა ცხოვრებით ბედნიერ მეზღვაურსა და ადამ სმიტის ჭეშმარიტ შთამომავალ, ავანტიურისტ ტურისტზეა, რომელიც წრეზე მოძრაობს და ულევი შრომის შედეგად მაინც იქ მიდის, სადაც ღარიბი მებადური ისედაც არის… ვშრომობთ იმიტომ, რომ ბოლოს მაინც ვიზარმაცოთ, ვშრომობთ იმიტომ, რომ ბოლოს დავისვენოთ, ვშრომობთ იმიტომ, რომ ბოლოს მოგვემსახურონ და ტურისტის მსგავსად მეც ვფიქრობ ახლა რისთვის ვსწავლობ/ ვმუშაობ? – იმისთვის,რომ ერთ მშვენიერ დღეს მუშაობა აღარ დამჭირდეს და მეც ტურისტის მსგავსად წავალ მოხუცი მებადურის მიმართ სიბრალულ-ჩანაცვლებული ფერად-ფერადი შურით…

The-Thinker-1913

ეს მე ვარ, მარშუტკაში ჯდომის დროს ჩაფიქრებული :დდ მადლობა ფრანც კაფკას ჩემი პროფილის ასე ზუსტად გამოხატვისთვის :დ (c) Franz Kafka

პ.ს >>

 ევროპის დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ ნავსადგურში ერთი ღარიბულად ჩაცმული კაცი თავის სათევზაო ნავში ჩაწოლილა და თვლემს. კოხტად გამოწკეპილი ტურისტი კი ფოტოაპარატში ფერად ფირს დებს, რათა მასზე იდილიური სურათი აღბეჭდოს:ლაჟვარდოვანი ზეცა, ზურმუხტისფერი ზღვა მშვიდი ქათქათაქოჩრიანი ტალღებით, შავი ნავი, მეთევზის წითელი ქუდი. ჩხაკ. კიდევ ერთხელ: ჩხაკ, და რაკი ყველაფერი კარგი სამობით არის, თანაც სიფრთხილეს თავი არა სტკივა, მესამედაც: ჩხაკ. ამ ჩხაკუნმა, ლამის მტრულად რომ გაისმა, მთვლემარე მეთევზე გამოაღვიძა. ნამძინარევი ზანტად წამოიწია, ზანტადვე მოაფათურა ხელი სიგარეტის კოლოფის ასაღებად, მაგრამ სანამ მიაგნებდა, დაუზარელმა ტურისტმა ცხვირწინ შეაგება თავისი კოლოფი, შიგ პირში გასჩარაო სიგარეტი, ვერ ვიტყვით, მაგრამ ხელში კი შეაჩეჩა და ეს ნაუცბათევი თავაზიანობა მეოთხე, ამჯერად სანთებელას, დაჩხაკუნებამ დააგვირგვინა. ამ, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულმა თავაზიანობამ გამაღიზიანებელი უხერხულობა გამოიწვია, რისი გაფანტვაც იქაური ენის მცოდნე ტურისტმა საუბრის გაბმით სცადა.”დღეს კარგად ითევზავებთ”.მეთევზემ თავი გადააქნია.”მე მითხრეს, დღეს კარგი სათევზაო ამინდიაო”.მეთევზე თავს უქნევს.”მაშ, არ აპირებთ წყალში შესვლას?”მეთევზემ თავი გადააქნია. ტურისტის მღელვარება მატულობს. აშკარად გულთან მიუტანია ღარიბულად ჩაცმული კაცის ბედი, ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობაზე დარდი მოსვენებას არ აძლევს.”ოჰ, ალბათ შეუძლოდ ხართ”.როგორც იქნა მეთევზე ჟესტებით საუბრიდან სიტყვებით საუბარზე გადავიდა. “თავს დიდებულად ვგრძნობ”, თქვა მან, “ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ”. წამოდგა, გაიმართა, თითქოს თავისი ათლეტური აღნაგობის დემონსტრირება უნდაო. “ფანტასტიურად ვგრძნობ თავს”.ტურისტის სახეზე სულ უფრო და უფრო შეჭირვებული გამომეტყველება იხატება; გული გაუსკდება, ეს რომ არ იკითხოს: “მერედა, რატომ არ შედიხართ წყალში?””დღეს უკვე ვიყავი შესული და იმიტომ”, მოკლედ მოუჭრა მეთევზემ.”კარგად ითევზავეთ?””ისე კარგად, რომ მეორედ შესვლა აღარ მჭირდება, ოთხი ასთაკვი მიწყვია კალათაში, თითქმის ორი დუჟინი სკუმბრია დავიჭირე…”ნამძინარევი მეთევზე როგორც იქნა მოცოცხლდა და ტურისტს დასამშვიდებლად მხარზე მოუთათუნა ხელი. მისი შეწუხებული სახე მეთევზემ თუმცა უადგილო, მაგრამ გულისამაჩუყებელი მზრუნველობის გამოხატულებად მიიჩნია.”ხვალისთვისაც მეყოფა, ზეგისთვისაც”, ამბობს იგი, რათა ამ უცხო კაცს გულს მოეფონოს. “გინდათ ჩემი სიგარეტი მოგაწევინოთ?””დიახ, გმადლობთ”.სიგარეტები პირში გაიჩარეს, გაისმის მეხუთე დაჩხაკუნება. უცნობი თავის კანტურით ჯდება ნავის კიდეზე, კამერას გვერდზე დებს, მას ხომ ახლა ორივე ხელი სჭირდება, რათა სათქმელს მეტი დამაჯერებლობა მიანიჭოს.”სულაც არ მინდა თქვენს პირად საქმეში ჩავერიო”, ამბობს იგი, “მაგრამ, აბა ერთი წარმოიდგინეთ, დღეს მეორედ, მესამედ, შესაძლოა, მეოთხედაც რომ გახვიდეთ სათევზაოდ, სამ, ოთხ, ხუთ, შესაძლოა ათ დუჟინ სკუმბრიასაც დაიჭერთ… წარმოიდგინეთ, რა!”მეთევზე თავს უქნევს.”მარტო დღეს კი არა”, განაგრძობს ტურისტი, “ზეგაც, მაზეგაც, როცა კი ამინდი ხელს შეგიწყობთ, ორჯერ, სამჯერ, შესაძლოა ოთხჯერაც გახვალთ – ჰოდა, იცით, რა მოხდება?”მეთევზემ თავი გადააქნია.”ერთ წელიწადში, ან უფრო ადრეც, მოტორიანი ნავის ყიდვას შეძლებთ, ორ წელიწადში – მეორე ნავს, სამ-ოთხ წელიწადში კი ალბათ პატარა კატერსაც გამოჰკრავთ ხელს, ორი ნავით ან კატერით, რასაკვირველია, ბევრად მეტს დაიჭერთ – ერთ მშვენიერ დღეს კი ორი კატერის მფლობელი გახდებით, მერე კი…”, აღფრთოვანებისაგან რამდენიმე წამით ხმა ჩაუწყდა, “მერე კი პატარა მაცივარს მოაწყობთ, ანდა საბოლველს, მოგვიანებით – სამარინადო ფაბრიკას, საკუთარი შვეულმფრენით იფრენთ წყლის ზემოთ, იქიდან უკეთ შეამჩნევთ თევზების გუნდს და თქვენს კატერებს რადიოგადამცემით მიაწვდით მითითებებს. ლოქოზე ლიცენზიას მოიპოვებთ, თევზის რესტორანს გახსნით, ასთაკვს პირდაპირ პარიზში გაგზავნით საექსპორტოდ, გადამყიდველების გარეშე, მერე კი…”, უცნობს ისევ წაერთვა ხმა აღფრთოვანებისგან. გუნებაწამხდარი, ლამის შვებულების სიხარულჩამწარებული, თავის კანტურით მისჩერებია მშვიდად მონანავე ტალღებს, რომლებშიც დაუჭერელი თევზები ხალისიანად ჭყუმპალაობენ.”ჰოდა, მერე”, ამბობს ტურისტი და აღელვებისგან კვლავ უწყდება ხმა. მეთევზე ზურგზე უტყაპუნებს ხელს, როგორც ბავშვს, რომელსაც ლუკმა გადასცდა ჭამისას. “რა მერე?” ეკითხება წყნარად.”მერე”, ამბობს უცნობი ჩუმი აღტაცებით, “მერე შეგიძლიათ აქ, ამ ნავსადგურში მშვიდად ჩამოჯდეთ, მზეს მიეფიცხოთ და ზღვის დიდებული ხედის ცქერით დატკბეთ”.”ახლაც ამას არ ვაკეთებ?” ეუბნება მეთევზე, “ვზივარ ჩემთვის მშვიდად ნავსადგურში და ვთვლემ; ეგ არის, თქვენმა ჩხაკუნმა დამირღვია მყუდროება”.ამგვარად დამოძღვრილი ტურისტი შეფიქრიანებული განშორდა მეთევზეს: მას ხომ აქამდე ასე სწამდა – იმისთვის ვმუშაობ, რათა ერთ მშვენიერ დღეს მუშაობა აღარ დამჭირდესო. ღარიბულად ჩაცმული კაცის მიმართ სიბრალული უკვალოდ გაუქრა და ცოტათი კიდეც შეშურდა მისი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s