სანამ პუტინი გვიმზერს

ოთახი ბნელია. ნესტიან, თაგვებით სავსე, ვიწრო დერეფანში ჩექმების ხმა რიტმიდან ამოვარდნილი მევიოლინეს საბრალო გამასავით ისმის, დერეფანს აქა-იქ მთლიანი, თუმცა სუსტი განათების მქონე ჰალოგენი ანათებს, ხმა თანდათან უფრო ძლიერდება, თან რუსული გინება ისმის, ზოგადად, გინება რუსებისთვისაც (ისევე, როგორც ქართველებისთვის) ლექსიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სამკაულია… დერეფანი იმდენად ვიწროა, რომ , ერთი შეხედვით, გიკვირს როგორ მოაბიჯებს ასე თავისუფლად ორი ზორბა სხეული, თან ისე, რომ მესამეს ცხენის ძუაზე გამობმული სიკვდილმისჯილივით მიათრევენ…  მარჯვენას შედარებით დიდი სამხედრო შარვალი და ასეთივე ქურთუკი აცვია, წელზე მაკაროვი ჰკიდია, შეჭყლეტილი ცხვირი და წინ, ფართოდ გამოწეული თვალები კიდევ უფრო სასაცილო და იდიოტურ შეხედულებას აძლევს, შეიძლება ითქვას რომ კომპრაჩიკოსებს კარგად უმუშავიათ, მარცხნივ მდგომს უფრო ცივილური შეხედულება აქვს, გადაპარსული თავი და აპრეხილი ცხვირი ნამდვილი რუსის შეხედულებას აძლევს, აი, ცხენის ძუაზე გამობმული ცოცხალ-მკვდარი ადამიანი, თუ ამ სახის შემხედვარეს კიდევ ადამიანს უწოდებ, აშკარად არ არის რუსი, შავი ხშირი თმები და წარბები აქვს, სახეზე იმდენი ჩალურჯება აქვს, რომ , ერთი შეხედვით, შეუძლებელია მიახლოებული ფოტო რობოტი მაინც შექმნა… ოთახში შეჰყავთ და თავზე გაყინული წყლით სავსე სათლს აცლიან, მკვდარი ცოცხლდება, ერთს საცოდავად ამოიხრიალებს ისე, თითქოს მთლიანად ამოაყოლა ფილტვები, შემდეგ ნელა, თითქმის შეუმჩნევლად მიაქვს თითი გატეხილ ცხვირთან და ცდილობს დამტვრეული ძვლების რაოდენობა დათვალოს, უშედეგოდ, ყველა ძვალი ისე სტკივა, თითქოს გრდემლი იყოს და უროს ურტყამდნენ, სხეული ეწვის, ხვდება რომ არცთუ ისე კარგად გამოიყურება, თუმცა ამას რა დიდი მიხვედრა სჭირდება, უკუნით სიბნელეში გდია, 4 დღის ნაშიმშილევი, ნაცემი, ნაწამები და კიდევ კაცმა არ იცის რას უმზადებს ზევსი… ყურები დახშული აქვს, თუმცა ბუნდოვნად მაინც ესმის რუსების საუბარი, აშკარად მასზე საუბრობენ, ან კი სხვა სასაუბრო რა უნდა ჰქონდეთ ამ გამოყრუებულ ოთახში, კაცმა არც იცის სად გდია, ერთი მომენტი იმასაც ფიქრობს, რომ დანტესეული ჯოჯოხეთის კონცეპტი სინამდვილე აღმოჩნდა და ახლა სწორედ იქაა, სმენა თანდათან უბრუნდება, ყურის ბიბილოზე სისხლი აქვს შემხმარი, კიდევ, კიდევ დაძაბე ყურადღება. მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად აცნობიერებს რო. თვალები კვლავ დახუჭული აქვს, კიდევ ერთხელ ძაბავს გონებას და თვალებს ნელა ახელს, თავთან ცხვირშეჭყლეტილი რუსი ადგას და აკვირდება, თან ხელი ნელა მიაქვს მაკაროვისკენ, მაინც, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, თავისი პროტეინით გამდისრებული ტვინით იმდენსაც ვერ ხვდება, რომ ნახევრად მკვდარი, მის წინ მიწაზე მწოლიარე ადამიანი ვერაფერს დაუშავებს. ის კვლავ ოთახს ათვალიერებს და ცდილობს რამე დაინახოს. აი, ერთ კედელზე კრემლია, უფრო სწორად საათი და ციფერბლატზე ციფრებდაწერილი კრემლი, მისი მთავარი მოედანი და მავზოლეუმის შესასვლელი, მისგან მოშორებით კავკასიის რუკა არის ჩამოკიდებული, თურმე რა მცირე მანძილი ყოფილა კავკასიიდან წითელ მოედნამდე, ზოგადად რუსებს ხომ ყველაფერი წითელი უყვარდათ, მოედნიდან დაწყებული, ტერორით გაგრძელებული და ოკუპაციით დამთავრებული… კავკასიასია და კრემლს შორის კი ცინიკურად მომღიმარი პუტინი იმზირება, ფოტო იმდენად ბუნებრივადაა მოთავსებული მათ შორის, რომ უცებ მათი შემაკავშირებელი გეგონება და თვალებს მკაცრად აკვესებს, თითქოს დასცინის მას და მის ბედს, თუმცა მას ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია რაში სდებენ ბრალს. პატარა ისარი უკვე სამთანაა მისული, დიდი კი თითქოს გაიყინა და უმოძრაოდ, საცოდავად წიკწიკებს…
– ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ უმაღლესი ხელისუფლება , რომელსაც ჩვენ ვემორჩილებით, სანამ ვინმეს დააპატიმრებს, ზუსტად ადგენს დაპატიმრების მიზეზსაც და დაპატიმრებულის ვინაობასაც – ეს იყო პასუხი, რომელიც ცემის შემდეგ მიიღო და ამავეს უმეორებდნენ მთელი 4 დღის განმავლობაში, უცებ მელოტი დგება, ავტომატის კონდახს იღებს და თავში მძიმედ, მაგრამ ყრუდ ურტყამს. გარეთ თოვს, ოთახის ერთადერთი სარკმლიდან ჩანს, თუ როგორ ეთამაშებიან ფიფქები არემარეს და თეთრად შეღებვით ემუქრებიან, სარკმელიდან ნელა, ფრთხიალით იშლება ბეღურების ჯგუფი, გარეთ ისევ თოვს და სანამ პუტინი გვიმზერს, ისევ თოვს…

Posted from WordPress for Android

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s